მოდა: ნელი ევოლუციის რიტმი

By Ana on

მიყვარს მოდა ისე, როგორც გიყვარს ის, ვინც გაგზარდა.

მიყვარს მისი რიტუალები.

საათობით მუშაობის პროცესი.

იმ ხელების მოთმინება, რომლებსაც ქსოვილის ენა სიტყვებზე უკეთ ესმით.

ჩემთვის ძვირფასია ყავის ლაქებით დასვრილი ესკიზების რვეულები და აბრეშუმის გაჭრის უტყვი სისასტიკე. ის მომენტი, როცა სამოსი ნამდვილ სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ იძენს, როცა მას სხეული მოირგებს. მოდა, თავის საუკეთესო გამოვლინებაში, ყოველთვის სიახლოვეზე იდგა: კავშირზე შემოქმედსა და მასალას, სხეულსა და ქსოვილს, წარსულსა და მომავალს შორის.

ამიტომაც, ტექნოლოგიურ სიახლეებს ხელგაშლილი არ შევხვედრივარ.

დიდი ხნის განმავლობაში მოდაში ყველაფერი ციფრული ჩემთვის სიცივესთან ასოცირდებოდა. ზედმეტად ზუსტი, ზედმეტად სუფთა და დაშორებული შემოქმედებით რომანტიკასთან. მოდა ხომ, საბოლოო ჯამში, შეხებაზე დაფუძნებული ხელოვნებაა — ხახუნის, უსწორმასწორობისა და დროის ერთობლიობა.

და მაინც,

ჩვენ აქ ვართ.

არა იმიტომ, რომ ტრადიციამ გვიღალატა, არამედ იმიტომ, რომ მის გარშემო სამყარო შეიცვალა. მოდა კი — ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე ადაპტირებადი ხელოვნება — აკეთებს იმას, რაც ყოველთვის საუკეთესოდ გამოსდიოდა: ევოლუციას განიცდის.

უწყვეტობა და არა ჩანაცვლება

არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ტექნოლოგიურ მოდას იმის წაშლა სურს, რაც მანამდე იყო. თითქოს 3D ბეჭდვა ქსოვილის ჩასანაცვლებლადაა მოსული, ალგორითმები ინტუიციის ჩახშობას ლამობენ, ხელოსნობას კი კოდი დევნის.

ეს შიში გასაგებია, რადგან ის სიყვარულიდან მოდის. თუმცა, ამავდროულად, მცდარია.

ადიტიური წარმოება (Additive Manufacturing) ტრადიციის უარყოფა კი არა, მისი გაგრძელებაა. ეს არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, კიდევ ერთი ენა, სხეულთან საუბრის ახალი გზა.

როდესაც ირის ვან ჰერპენმა (Iris Van Herpen) თავისი პირველი 3D-ნაბეჭდი მოდელები პოდიუმზე წარადგინა, ისინი ანტი-მოდად არავის აღუქვამს. მათში იგრძნობოდა მოწიწება, არქიტექტურული სიზუსტე და ანატომიურობა. ეს იყო მაღალი მოდა (Haute Couture), რომელმაც ბიოლოგია შეისწავლა და უფრო მასშტაბური ოცნება გადაწყვიტა.

ეს ადრეული ნამუშევრები არ ცდილობდნენ ყოფილიყვნენ „მოსახერხებელი“ ყოველდღიური გაგებით — არც ისტორიული კუტიურის სამოსი ყოფილა ასეთი. ისინი კითხვებს სვამდნენ ფორმაზე, მოძრაობასა და იმაზე, თუ რად შეიძლება იქცეს სამოსი, თუკი მას ნაცნობი შეზღუდვებისგან გავათავისუფლებთ.

ეს არ არის რღვევა. ეს უწყვეტობაა.

მასალა სწავლობს სუნთქვას

ადრეულ 3D-ნაბეჭდ მოდელებს სკეპტიციზმით უყურებდნენ და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: მასალები ხისტი იყო, სილუეტები — დაუნდობელი. ლამაზი, მაგრამ დისტანციური — უფრო სკულპტურა, ვიდრე ტანსაცმელი.

შემდეგ მასალები შეიცვალა.

გამოჩნდა მოქნილი პოლიმერები და ელასტომერები; სტრუქტურები, რომლებიც იდრიკება, იკუმშება და პირვანდელ ფორმას უბრუნდება. გისოსოვანი კონსტრუქციები, რომლებიც პლასტმასზე მეტად კუნთოვან ქსოვილს ჰგვანან. მოულოდნელად, ნაბეჭდმა სამოსმა შეწყვიტა სხეულთან ბრძოლა და მისი მოსმენა დაიწყო.

სწორედ აქ შერბილდა ჩემი წინააღმდეგობაც.

მოდა ხომ მხოლოდ სირბილეზე არ არის, ის პასუხზეა — იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ქსოვილი მოძრაობაზე, ზეწოლაზე, სითბოსა და დროზე. დღეს კი, კომპიუტერული დიზაინისა და მოწინავე მასალების მეშვეობით, ნაბეჭდ სამოსს ზუსტად ამის გაკეთება შეუძლია.

არა ქსოვილის ნაცვლად, არამედ მის გვერდით.

კოდით გადაწერილი ოსტატობა

თარგების გამოყვანა ყოველთვის მათემატიკური პროცესი იყო, თუმცა მას ასე არ ვუწოდებდით.

ზომები, პროპორციები, დრაპირების გათვლები — ეს ცოდნა თაობებს პროგრამული უზრუნველყოფის ნაცვლად ხელებით გადაეცემოდა. პარამეტრული დიზაინი ამ გამოცდილებას კი არ შლის, არამედ თარგმნის.

როდესაც დიზაინერები Grasshopper-ის ან Rhino-ს მსგავს ინსტრუმენტებს იყენებენ, ისინი ინტუიციაზე კი არ ამბობენ უარს, არამედ მას იმ სისტემებში ნერგავენ, რომლებსაც უსასრულო ადაპტაციის უნარი აქვთ. ერთ ლოგიკურ ფორმულას შეუძლია წარმოშვას უამრავი ვარიაცია, რომელიც მორგებული იქნება ინდივიდუალურ სხეულზე, მოძრაობასა და საჭიროებაზე.

ეს მოდას ნაკლებად ადამიანურს კი არა, უფრო ყურადღებიანს ხდის.

ხელოვნური ინტელექტი კი კრეატიულობას არ ანაცვლებს — ის ეხმარება დიზაინერს მონაცემთა გადამუშავებაში, რათა ავტორმა მთელი ყურადღება აზრსა და სილუეტზე გადაიტანოს.

მოდა კვლავ რჩება საავტორო ნამუშევრად, უბრალოდ, ის ნაკლებად დამძიმებულია ტექნიკური რუტინით.

სადაც ტექნოლოგია რეალურად ფასობს

თუ გსურთ მტკიცებულება, რომ ეს მხოლოდ კონცეპტუალური თამაში არ არის, შეხედეთ ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი ინტიმურია. ის დაატარებს ჩვენს სიმძიმეს და მყისიერად ავლენს ნებისმიერ ხარვეზს. აქ 3D ბეჭდვის დანერგვა პრაქტიკული აუცილებლობით იყო ნაკარნახევი: შუასადებები, რომლებიც გათვლილია კონკრეტულ ნაბიჯზე; ამორტიზაცია, რომელიც განთავსებულია ზუსტად იქ, სადაც სხეული ითხოვს. არავითარი ჭარბი მასალა ან ზედმეტი ფენა.

დიზაინი ამ ყვე;აფერს ყურადღებას აქცევდა.

პლატფორმები, როგორიცაა Zellerfeld, გვთავაზობენ მომავალს, სადაც მოდა ნაკლებად იქნება ნივთების ფლობაზე და უფრო მეტად — დიზაინზე წვდომაზე. ფაილები მარაგების ნაცვლად. ლოკალური წარმოება გლობალური ჭარბწარმოების საპირწონედ.

ზუსტი ზომა, როგორც ამოსავალი წერტილი და არა კომპრომისი.

მდგრადობა მორალური სპექტაკლის გარეშე

მოდის ინდუსტრიის მდგრადობის კრიზისი სტრუქტურული პრობლემაა: ჭარბწარმოება, ინვენტარით აზარტული თამაში და სისტემაში ჩაშენებული ნარჩენები.

ადიტიური წარმოება არ მორალიზატორობს — ის უბრალოდ აქრობს პრობლემას.

არანაირი ნარჩენი ჭრისგან, არანაირი გაუყიდავი მარაგი. დაბეჭდე, როცა შეუკვეთავენ. აწარმოე იქ, სადაც საჭიროა. გადაამუშავე ის, რაც დარჩება.

ბიო-ფილამენტები, ბაქტერიული პოლიმერები და ცელულოზის მასა — ეს არა მხოლოდ ესთეტიკური ტენდენციები, არამედ ფილოსოფიური ცვლილებებია. სამოსი, რომელიც აღიარებს საკუთარ სასიცოცხლო ციკლს და შექმნილია დასაბრუნებლად და არა ნაგვად დასარჩენად.

ეს არ აქრობს მოდის რომანტიკას, პირიქით — მას საფუძველს უმყარებს.

როცა სამოსი გპასუხობს

მომავალი არა მხოლოდ დაბეჭდილი, არამედ რეაგირებადია.

ქსოვილები, რომლებიც ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლის ფორმას; სმარტ-ტექსტილი, რომელიც სხეულის მდგომარეობას აკონტროლებს.

და ეს ყველაფერი უკვე ხდება.

4D ბეჭდვა კი სამოსს საშუალებას აძლევს, დროთა განმავლობაში შეიცვალოს — როგორც ადაპტირებადი თანამგზავრი, რომელიც სხეულთან ერთად იზრდება და მიზანმიმართულად ბერდება.

If fashion has always been about time, this feels like an honest progression.

ევოლუცია და არა წაშლა

არ მჯერა, რომ მოდა სულს კარგავს.

მჯერა, რომ მას რაღაც უძველესი ახსენდება: ის, რომ გადარჩენა ადაპტაციაზეა დამოკიდებული; რომ სილამაზე ყოველთვის ფუნქციას მიჰყვებოდა და რომ ხელოსნობა ან ვითარდება, ან ქვავდება.

ტექნოლოგია მოდას ნაკლებად რომანტიკულს არ ხდის, ის უბრალოდ ამ რომანტიკის ადგილსამყოფელს ცვლის: ხელიდან — სისტემაში, გამეორებიდან — განზრახვაში, სიჭარბიდან — სიზუსტეში.

მოდის მომავალი არ არის ცივი.

ის კვლავ სხეულებით არის შეპყრობილი.

კვლავ სილამაზის ერთგული.

კვლავ ღრმად ადამიანური.

მან უბრალოდ ზრდის ახალი გზა ისწავლა.

შესაფერისია.

შეჯამება და დასკვნა

მოდამ გაუძლო იმპერიებს, ინდუსტრიულ რევოლუციებსა და იმაზე მეტ წარუმატებელ ტენდენციას, ვიდრე ამის აღიარება გვსურს. იგი ცოცხლობს, რადგან მოძრაობს; იმიტომ, რომ ადაპტირდება; იმიტომ, რომ უარს ამბობს, გაიყინოს იმ წამში, რომელიც ოდესღაც „იდეალურად“ მივიჩნიეთ.

ტექნოლოგია არ უქადის საფრთხეს მოდის სულს; მას სტაგნაცია კლავს.

ის, რასაც ადიტიური წარმოება, კომპიუტერული დიზაინი და მასალათა ეკოლოგია გვთავაზობს, არა ოსტატობის უარყოფა, არამედ მისი ტრანსფორმაციაა ახალ პირობებში. აქაც ადამიანის ხელი და ინტუიციაა მთავარი. საქმისადმი სწრაფვა კვლავაც მამოძრავებელი ძალაა, თუმცა ახლა დიალოგში კოდი, ბიოლოგია და მონაცემებიც ერთვება — სისტემები, რომელთაც სხეულსა და გარემოზე ისეთი მზრუნველობით შეუძლიათ რეაგირება, რაც მასობრივი წარმოებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო.

ბუნებრივია ნოსტალგია გარკვეული რიტუალების მიმართ; სინანული ნაცნობი სინელის გამო; სიფრთხილე, როდესაც ხელოვნება ციფრული ენით იწყებს საუბარს. ეს ყოყმანი პროგრესისადმი მტრობას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გესმით — მოდა კულტურული მეხსიერებაა და არა უბრალო პროდუქტი.

თუმცა, ევოლუცია მუდამ იყო გადარჩენის საზღაური. მოდამ ეს სხვა დარგებზე უკეთ იცის. იგი მუდამ ითვისებდა ახალ ინსტრუმენტებს, მასალებსა და სხეულის აღქმის ახალ გზებს. ეს მომენტიც არაფრით განსხვავდება — ის უბრალოდ უფრო ხმამაღალი, სწრაფი და თვალსაჩინოა.

მოდის მომავალი არ არის ცივი, ავტომატიზებული ან განყენებული. პირიქით, ის ახლებურად ინტიმურია. ეს არის სამოსი, რომელიც იზრდება და არ იჭრება; ფეხსაცმელი, რომელიც კონკრეტული ტერფისთვის იძერწება; ქსოვილი, რომელიც გარემოს ეგუება და იცვლება გარკვეული განზრახვით. ეს არის სილამაზე, რომელიც სიზუსტით იქმნება.

მოდა კვლავ მოდად რჩება.

იგი უბრალოდ ცვალებად სამყაროში არსებობას სწავლობს.

დღეისათვის სულ ეს იყო! მალე კვლავ დავუბრუნდები ამ თემას და უფრო ვრცლად გიამბობთ კონკრეტულ მაგალითებზე. მართალია, ირის ვან ჰერპენი უკვე ვახსენე, მაგრამ მის შემოქმედებასა და ამ სფეროს სხვა პიონერებს მომდევნო პოსტს მთლიანად დავუთმობ.

მანამდე კი წადით და რაიმე შთამბეჭდავი სამაჯური დაბეჭდეთ.
წარმატებები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *