შეხება, თამაში, სწავლა: 3D ბეჭდვის იდეები დაწყებითი კლასებისთვის

By Natia on

ფიქრობ, რომ დაწყებით საფეხურზე ადრეა 3D ბეჭდვის გამოყენება?

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ტექნოლოგია მხოლოდ მაღალ საფეხურებზე უნდა გამოიყენოთ, სადაც CAD პროგრამებს სწავლობენ ან ინჟინერიის პროექტებზე მუშაობენ, თქვენ კი დაწყებით საფეხურზე მუშაობთ და დაინტერესებული ხართ 3D ბეჭდვის ინტეგრაციით, ეს სტატია თქვენთვისაა.

სინამდვილეში, 3D ბეჭდვა, არანაკლებ ეფექტური შეიძლება იყოს ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის, რადგან როდესაც ისინი შეისწავლიან სამყაროს, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეეხონ, ხელში დაიჭირონ, შეგრძნებებით გამოსცადონ.

ისინი რთული მოდელების დიზაინს კი არ შეისწავლიან, ისინი სწავლობენ მათთვის ბუნებრივი გზით.

როგორ სწავლობენ პატარა ბავშვები

დაწყებითი კლასების მოსწავლეები პრაქტიკით სწავლობენ. აბსტრაქტული ცნებები ჯერ კიდევ გაუგებარია მათთვის. მათ სჭირდებათ ნახვა, შეხება, მანიპულირება და კვლევა ხელებით.

სწორედ ამიტომაა დაწყებითი კლასები სავსე მანიპულატივებით – სათვლელი დათუნიები, ბლოკები, ასოების ფირფიტები, ტანგრამები. ეს არ არის უბრალოდ გასართობები. ეს აუცილებელი სასწავლო ინსტრუმენტებია, რომლებიც მათთვის აბსტრაქტულ იდეებს კონკრეტულად აქცევენ.

ეს მანიპულატივები ზოგადია. ისინი კარგია ზოგადი ცნებებისთვის, მაგრამ არ უკავშირდება იმ კონკრეტულ ისტორიებს, თემებს და გაკვეთილებს, რომლებსაც თქვენ ასწავლით. არ ასახავს ინდივიდუალური ბავშვის ინტერესებს და არ ერგება მათ კონკრეტულ საჭიროებებს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაბეჭდოთ ისეთი რესურსი, რომელიც ზუსტად იმ თემაზეა შექმნილი, რასაც თქვენი მოსწავლეები ახლა შეისწავლიან. დიახ, ნამდვილად შესაშური შესაძლებლობაა!

ამბების გაცოცხლება

როცა პირველკლასელები კითხულობენ „ძალიან მშიერ მუხლუხოს“, ისინი სწავლობენ თანმიმდევრობას, კვირის დღეებს, დათვლას. შეგიძლიათ აუხსნათ ეს ცნებები. შეგიძლიათ აჩვენოთ სურათები.

ან შეგიძლიათ დაბეჭდოთ საკვები, რომელსაც მუხლუხო მიირთმევს – თითოეული მარკირებული დღით და რიცხვით. მოსწავლეებს შეუძლიათ ფიზიკურად დაალაგონ ისინი, დაითვალონ, გაათამაშონ ამბავი ობიექტებით, რომლებსაც ხელში დაიჭერენ.

და წიგნებიდან თქვენი მოსწავლეების საყვარელი პერსონაჟები? ისინი შეიძლება გახდნენ 3D ფიგურები. ბავშვი ხატავს საყვარელ პერსონაჟს წიგნიდან, თქვენ ეხმარებით ამ ნახატის მარტივ 3D მოდელად გადაქცევაში და უცებ მათი წარმოსახვა ხდება რაღაც, რითაც თამაშობენ.

კიდევ ერთი კარგი მაგალითი: ფილადელფიის უილიამ პენ კარტერის სკოლაში საბავშვო ბაღის ბავშვებმა დაბეჭდეს საკუთარი დიზაინის ჩიტის ბუდეები ჩიტების თემატურ გაკვეთილზე. გაკვეთილი არ იყო 3D ბეჭდვაზე. ის იყო ჩიტებზე. ბეჭდვამ უბრალოდ მათი ცოდნა ხელშესახები გახადა.

პერსონალური საგანმანათლებლო რესურსები თქვენი კლასისთვის

დაწყებითი საფეხურის ყველა კლასის მასწავლებელმა იცის ეს პრობლემა: იპოვით შესანიშნავ აქტივობას, მაგრამ მასალები ძვირია ან ზუსტად არ ერგება თქვენს საჭიროებებს.

3D ბეჭდვით თქვენ ხდებით საკუთარი საგანმანათლებლო რესურსების შემქმნელი! ჩემი ოცნება იმ დღიდან, როდესაც შვილი შემეძინა და შემდეგ უკვე მთელი მასწავლებლობის პერიოდში და როცა საბავშვო ბაღებს ვხელმძღვანელობდი.

ანბანის სწავლა: დაბეჭდეთ ტექსტურიანი ასოები, რომლებსაც მოსწავლეები თითებით შეეხებიან. შექმენით სხვადასხვა ზომის ასოები სორტირების აქტივობებისთვის. შექმენით ასოები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან სიტყვების შესაქმნელად.

რიცხვების გაგება: დაბეჭდეთ რიცხვების ბადეები, რომლითაც მოსწავლეები ფიზიკურად მანიპულირებენ, ან შექმენით ურთიერთშემაერთებელი ნაწილები, რომლებიც დაეხმარებათ რიცხვების ურთიერთქმედების ვიზუალიზაციაში. შექმენით დათვლის ობიექტები კონკრეტული თემისთვის – თუ ოკეანის ცხოველებზე სწავლობთ, დაბეჭდეთ ზღვის არსებები დასათვლელად, ნაცვლად ზოგადი “დათუნიებისა”. წარმოგიდგენიათ, რამდენ ცოდნას და უნარს აწვდით ერთდროულად?

გეომეტრიულ ფიგურებს სწავლობთ? დაბეჭდეთ თითოეული ფორმის 3D ვერსიები, რომლებსაც მოსწავლეები ყველა კუთხიდან შეისწავლიან. რით განსხვავდება ბრტყელი, ორგანზომილებიანი ფიგურები, სამგანზომილებიანისგან? რთული წარმოსადგენია პატარასთვის, მაგრამ თუ ხელით შეეხება, თავად აგიხსნით!

კიდევ ერთი ხიბლი: ერთხელ შექმნით დიზაინს, ბეჭდავთ და იყენებთ წლიდან წლამდე, გაუზიარეთ ერთმანეთს! საწყისი დროის ინვესტიცია ყოველ ჯერზე ღირს!

სენსორული სასწავლო ინსტრუმენტები

ფიჯეტ სათამაშოები უკვე დიდი ხანია პოპულარული გახდა, რადგან კომფორტს უქმნის და ეხმარება კონცენტრაციაში სენსორული საჭიროებების მქონე ბავშვებში. ძვირადღირებული კომერციული სენსორული ინსტრუმენტების ყიდვის ნაცვლად, შეგიძლიათ დაბეჭდოთ ისინი.

ტექსტურიანი ობიექტები ტაქტილური კვლევისთვის. დამამშვიდებელი ფიჯეტები, რომლებიც მორგებულია კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებზე.

თუმცა სენსორული სწავლა არა მხოლოდ იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც იდენტიფიცირებული საჭიროებები აქვთ. ყველა პატარა ბავშვი უკეთ სწავლობს, როცა მრავალი შეგრძნებაა ჩართული. მათემატიკის გაკვეთილი უფრო დასამახსოვრებელი და ეფექტიანი ხდება, როცა მოსწავლეები თავადვე ადარებენ ათი კუბის წონას ხუთ კუბთან შედარებით. სხვადასხვა წონის, ზომის, ფორმის, ტექსტურის საგანმანათლებლო რესურსი პირდაპირ შენს სამუშაო ოთახში რომ იქმნება, ამაზე დიდი შესაძლებლობა რა უნდა იყოს?

ფურცლიდან სათამაშომდე: მოსწავლეთა შექმნილი პერსონაჟები

ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი აქტივობაა დაწყებით საფეხურზე 3D პრინტერის გამოყენების და არა მარტო: მოსწავლეები ხატავენ საკუთარ გამოგონილ პერსონაჟებს და ეს ნახატები ხდება სათამაშოები, რომლებითაც თამაშობენ.

პროცესი მარტივია:

  1. მოსწავლე ხატავს თავის პერსონაჟს (ისტორიიდან ან წარმოსახვიდან)
  2. მასწავლებელი ან უფროსი მოსწავლე ეხმარება ნახატის მარტივ 3D დიზაინად გადაქცევაში
  3. ბეჭდავთ პერსონაჟს
  4. მოსწავლე თამაშობს, ყვება ისტორიებს, აცოცხლებს თავის ქმნილებას.

ეს მუშაობს ნებისმიერ ასაკში. საბავშვო ბაღის ბავშვები ხატავენ ოჯახის წევრებს, ქმნიან პერსონაჟებს როლური თამაშებისთვის, ადიზაინებენ ისტორიულ ფიგურებს, რომლებსაც სწავლობენ.

ნახატი რეალური ხდება. წარმოსახვა – ხელშესახები.

განმავითარებელი სათამაშოები, შექმნილი სწავლისთვის

პირველკლასელებს უკვე შეუძლიათ შექმნან ინდივიდუალური დიზაინის ორცხობილების საჭრელები და დატესტონ ისინი პლასტილინის რეცეპტებით ექსპერიმენტირებისას. ან სულაც, შეუძლიათ ერთი ორცხობილების დღესასწაული მოაწყონ! ამგვარად, ისინი სწავლობენ მეცნიერებას, პრობლემების გადაჭრას და კრეატიულ აზროვნებას – ყველაფერი იმის შექმნით, რასაც რეალურად გამოიყენებენ.

ფაზლის ნაწილები, რომლებიც ასწავლიან სიტყვებს. სორტირების სათამაშოები, რომლებიც აძლიერებენ ზომის და ფორმის ცნებების გაგებას. სათვლელები მათემატიკის პრაქტიკისთვის.

ინსტრუმენტები დრამატული თამაშისთვის, რომლებიც უკავშირდება სოციალურ მეცნიერებებს.

თითოეული მათგანი ემსახურება კონკრეტულ სასწავლო მიზანს და ამავდროულად იმდენად საინტერესოა, რომ მოსწავლეებს სურთ მათი გამოყენება.

პრაქტიკული საკითხის განხილვა

„მაგრამ შეუძლიათ თუ არა პატარა ბავშვებს 3D-ში რაღაცების დიზაინი?“

გულწრფელად? არ სჭირდებათ ჯერ.

დაწყებით კლასებში 3D პრინტერი მასწავლებლის დამხმარე ხელსაწყოა. ხშირად, სწორედ მასწავლებელი (ან მაღალკლასელი მოსწავლე) აკეთებს დიზაინს მოსწავლის ჩართულობით: მოსწავლეები აღწერენ, რა უნდათ, ხატავენ, აზიარებენ იდეებს.

თქვენ თარგმნით ამ იდეებს მარტივ 3D მოდელებად.

დაწყებითი კლასების მოსწავლეები არ სწავლობენ CAD პროგრამებს. ისინი სწავლობენ, რომ მათი იდეები შეიძლება რეალური გახდეს. რომ წარმოსახვა შეიძლება ფიზიკურ ობიექტებად იქცეს. რომ დიზაინი არის იმაზე ფიქრი, რისი შექმნა გინდა.

ეს არის საფუძვლები. ტექნიკური უნარები მოგვიანებით ემატება.

რატომ მუშაობს ეს მიდგომა პატარა მოსწავლეებისთვის

პატარა ბავშვები ბუნებრივად შემოქმედები არიან. ისინი აშენებენ ბლოკებით. ძერწავენ თიხით. ხატავენ, ჭრიან, აწებებენ.

3D ბეჭდვა უბრალოდ კიდევ ერთი შემოქმედებითი ინსტრუმენტია – რომელიც ქმნის მუდმივ, გამოსაყენებელ ობიექტებს მათი დიზაინებიდან.

განსხვავება ტრადიციული ხელსაქმისგან: ეს ობიექტები შეიძლება იყოს ზუსტი. შეიძლება დუბლირებული. შეიძლება დადიზაინებული კონკრეტული საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

ბავშვის ნახატი ხდება სასწავლო ინსტრუმენტი. კლასის ბრეინსტორმინგი ხდება მანიპულატივების ნაკრები. მოსწავლის წარმოსახვა ხდება სათამაშო, რომელსაც ხელში დაიჭერს.

პატარა მოსწავლეებთან პატარა ნაბიჯებით

თუ დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხართ და თან სკოლაში 3D პრინტერი მოგეპოვებათ (თუ არ მოგეპოვებათ, ჩვენ დაგეხმარებით), გაითვალისწინეთ:

დაიწყეთ ერთი თემით, რომელსაც უკვე ასწავლით. დაფიქრდით, რა რესურსი გახდიდა ამ გაკვეთილს უკეთესს? რა ობიექტები შეიძლება გახდეს რეალურად სარგებლის მომტანი მოსწავლეებისთვის?

იფიქრეთ იმაზე, რასაც თქვენი მოსწავლეები ძნელად იგებენ. შეიძლება ფიზიკური მოდელი დაეხმაროს?

გაიხსენეთ მიმდინარე თემები. შეგიძლიათ დაბეჭდოთ რელევანტური ობიექტები, რომელიც აღნიშნულ თემასთან უფრო დაგაახლოვებთ?

არ გჭირდებათ ყველა მოსწავლისთვის კომპიუტერზე დიზაინის სწავლება. გჭირდებათ ინსტრუმენტის გააზრებული და ელემენტარული გამოყენება. ბავშვები, თავდაპირველად, ცნობისმოყვარე მაყურებლების როლში იქნებიან – ჯადოსნობის მომსწრე, თუ როგორ იქცევა ციფრული მოდელი რეალურ ობიექტად.

რადგან დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ შეხებით, კვლევით და თამაშით, 3D ბეჭდვა უბრალოდ გაძლევთ მეტ შესაძლებლობას, რომ ეს გააკეთებინოთ მათ და არ დაგჭირდეთ საზღვარგარეთიდან გამოწერილი, ძვირადღირებული რესურსი.

👉 გაიგეთ მეტი 3D პრინტერის გამოყენებაზე განათლებაში 3dvinci.space/blog-ზე.

💬 და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *