ჩემი პირველი 3D დიზაინი: ერთი შესვენება, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

By Natia on

სანამ მასწავლებლებს ვთხოვდი, რომ 3D დიზაინი ესწავლათ და გამოეყენებინათ, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ შესაძლებელია.

ამიტომ გავხსენი Tinkercad ჭიქა ყავის შესვენების დროს და ისე, რომ არავითარი წინასწარი გამოცდილება არ მქონია, მიზნად დავისახე შემექმნა რამე ისეთი, რასაც მასწავლებლები ხვალვე გამოიყენებდნენ.

გამოწვევა: ნამდვილი საკლასო საჭიროება

შესაძლებლობა თავისთავად გამოჩნდა. ცოტა ხნით ადრე, ვესწრებოდი გაკვეთილს, რომლის თემაც გამრავლება იყო. საფეხურის ხელმძღვანელმა გამიზიარა, რომ აპირებდა ტრიფაქტას შეძენას – სამკუთხა სასწავლო ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარებათ გამრავლების სწავლაში.

მათთვის, ვინც არ იცის, ტრიფაქტა არის ჭკვიანურად შექმნილი ინსტრუმენტი, სამკუთხედის ფორმის, რომელსაც აქვს სამი სექცია, სადაც ციფრები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან გამრავლების მეშვეობით (ასევე, გაყოფა, მიმატება და გამოკლება). მოსწავლეებს შეუძლიათ მისი გამოყენება, რათა აბსტრაქტული მატემატიკური ცნებები უფრო ხელშესახები და გასაგები გახდეს.

საფეხურის ხელმძღვანელს უკვე შერჩეული ჰქონდა ეს ინსტრუმენტი, მაგრამ ჩემს გონებაში შეკითხვა გაჩნდა: შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება ჩვენით? და მე თუ შემიძლია მისი დიზაინის შექმნა?

ეს არ იყო უბრალოდ ხარჯების დაზოგვის მიზნით, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი იყო. ეს უფრო იმის შესამოწმებლად მინდოდა, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს იმაში, რასაც ამჟამად ვნერგავთ. თუ 3D ბეჭდვა განათლებაში კარგად დაინერგებოდა, მასწავლებლებს საკუთარი რესურსების შექმნა უნდა შეძლებოდათ. და სანამ ამას მათგან მოვითხოვდი, უნდა შემემოწმებინა, რამდენად გაკეთებადი იყო.

ჭიქა ყავა და დიზაინის სესია

გავხსენი Tinkercad. გარშემო კოლეგები საუბრობდნენ, საქმიანობდნენ. აქამდე არასდროს გამომიყენებია დიზაინის არანაირი პროგრამა. არავის უსწავლებია, უბრალოდ მქონდა ხელსაწყო და იდეა.

ინტერფეისი გასაკვირად ინტუიტიური იყო. ფიგურების გადატანა, ზომის შეცვლა, მათი გაერთიანება, იმის წაშლა, რაც არ გჭირდება..

ყველაზე რთული ამოცანა იყო ზომების სწორად გამოთვლა. სამკუთხედი საკმარისად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ დაეტია ციფრები, რომლებიც თან კარგად გამოჩნდებოდა და პრაქტიკული იქნებოდა. ნაწილები ერთმანეში სწორად უნდა ჩამჯდარიყო, სისქე დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ზედმეტი მასალა უნდა დახარჯულიყო.

დაახლოებით ერთ საათში ტრიფაქტა მზად მქონდა, შემეძლო დაბეჭდვა.

თანამშრომლები ვერ იჯერებდნენ, რომ მე გავაკეთე, მე თავად გულწრფელად გაოგნებული ვიყავი – ადამიანმა, რომელიც ყოყმანობდა 3D ბიზნესში მონაწილეობას, ერთ საათში საგანმანათლებლო რესურსი შევქმენი.

პირველი ბეჭდვის ჯადოსნობა

პირველი დიზაინის ბეჭდვის პროცესი სუნთქვის შემკვრელი იყო.

ფენა-ფენა, რაღაც, რაც ეკრანზე შევქმენი, ნამდვილი ხდებოდა. ფიზიკური, შეხებადი. პრინტერი ხმაურობდა და ყოველ წუთს ჩემი დიზაინი ფორმას იძენდა.

როდესაც დასრულდა ბეჭდვა და ნივთი ხელში დავიჭირე, დავრწმუნდი: ეს იყო ის შეგრძნება, რომელიც გვინდა, რომ შევაგრძნობინოთ მოსწავლეებს. აი ამიტომ არის 3D ბეჭდვა მნიშვნელოვანი განათლებაში.

ტრიფაქტა კარგად მუშაობდა პირველივე ცდაზე. დიახ, დიზაინის გაუმჯობესება შეიძლება, ბევრად ვიზუალურად მომხიბლავი რომ იყოს, პატარა შესწორებებს გავაკეთებდი გეომეტრიაშიც. მაგრამ ის ზუსტად ისე ფუნქციონირებდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. მასწავლებელს შეეძლო მისი გამოყენება ხვალვე.

და კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი რამ ისაა, რომ 2-3ჯერ უფრო ნაკლები დაჯდა, ვიდრე კომერციული ვერსია, რომლის შეძენასაც სკოლა გეგმავდა.

მომენტი, როცა ყველაფერი თავის ადგილას დადგა

ტრიფაქტა ყველას ვაჩვენე. მასწავლებლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ჩემ შვილებს, რომლებიც ამჟამად თავადაც ამ ბიზნესში არიან. უკუკავშირი იყო ერთი: ეს ნამდვილად ღირებულია.

დღემდე, მასწავლებლებს ვუზიარებ ჩემს პირველ დიზაინს. არა იმიტომ, რომ იდეალურია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს გამოხატავს: მტკიცებულებას, რომ არ უნდა იყო ექსპერტი იმისთვის, რომ ღირებული რამ შექმნა.

ყველა ის საათი და წუთი, რომელიც განათლებაში 3D ბეჭდვის გამოყენების შესწავლას დავუთმე, ყველა საკითხავი და ცოდნა, რომელიც მანამ დავაგროვე, სანამ ბიზნესში ჩავერთვებოდი – ნამდვილად ღირდა. ერთი ჭიქა ყავაზე შესვენების ერთმა საათმა ეს კიდევ ერთხელ დამანახა.

რას ნიშნავს ეს განათლებისთვის

თუ მე შემეძლო ერთ საათში ყოველგვარი გამოცდილების გარეშე ფუნქციური საგანმანათლებლო ინსტრუმენტი შემექმნა, გამოცდილი მასწავლებლების შესაძლებლობები წარმოგიდგენიათ? ის, ვისაც სიღრმისეულად ესმის მისი საგანი, ვინც ზუსტად იცი, რა უჭირთ, რა მხარდაჭერა სჭირდებათ მის მოსწავლეებს?

ეს არის 3D ბეჭდვის ნამდვილი ძალა. არა ძვირადღირებული მოწყობილობა, რომელიც სხვა ადამიანების შექმნილ დიზაინებს დაბეჭდავს მხოლო, არამედ მასწავლებლების შეიარაღება საკუთარი საკლასო გამოწვევების წინააღმდეგ.

ტრიფაქტა არ აღმოჩნდა მხოლოდ ჩემი პირველი 3D დიზაინი. მან დაამტკიცა ჩვენი მტელი ხედვის ვალიდურობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *