როგორც წესი, მასწავლებლები კარგად ხვდებიან 3D ბეჭდვის პოტენციალს, სურთ გაკვეთილზე გამოყენება, მაგრამ რატომღაც დასაწყისშივე ფერხდებიან – არ იციან, საიდან დაიწყონ.
მას შემდეგ, რაც მასწავლებლებთან, სკოლის რეალურ გარემოში, ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მივიღე, მივხვდი, რომ საჭიროა რაღაც ჩარჩო – გზა, რომ პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ იყოს გააზრებული და 3D ბეჭდვის ინტეგრაცია – მართვადი და პროდუქტიული.
მაშ ასე, გთავაზობთ რჩევებს:
1. კურიკულუმის ანალიზი: თქვენი სასწავლო პროგრამის ახლებურად შეხედვა
პირველი ნაბიჯი არ კეთდება პრინტერთან, არამედ ეს ხდება სასწავლო პროგრამასთან
შეხედეთ იმას, რასაც უკვე ასწავლით. კიდევ ერთხელ გადახედეთ.
დასვით შეკითხვები: სად განიცდიან მოსწავლეები ყველაზე მეტ სირთულეს? სად ამბობენ ისინი: „არ მესმის“ ან „რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?“ და სად ფიქრობთ თქვენ: “ეს როგორ უნდა ავუხსნა?” ეს კითხვები არის თქვენი სიგნალები.
რომელი კონცეფციები რჩება მათთვის აბსტრაქტულად? როდის ცდილობთ ხელებით ჰაერში რაღაცის ახსნას, დაფაზე ხატავთ და გინდათ, რომ უკეთ გააგებინოთ?
რა დრო და რესურსი გაქვთ რეალურად? იყავით გულწრფელი. თუ 45 წუთი საგაკვეთილო ჩარჩო გაქვთ და ერთი პრინტერი, რომელსაც ერთი ნაბეჭდისთვის 4 საათი სჭირდება, სხვა სტრატეგია უნდა მოიფიქროთ და არ დაბლოკოთ პრინტერი გაურკვეველი დროით.
ემსახურება თუ არა 3D ბეჭდვა ნამდვილ მიზანს? არა “სად შეიძლება გამოვიყენო?”, არამედ “სად იქნება ნამდვილად ღირებული უკეთესი სწავლებისთვის”?
ამ შეკითხვებზე პასუხის ძიება თქვენი პირველი ნაბიჯია.
2. გაკვეთილის დიზაინი: პროექტის წარმოდგენა
როდესაც ზემოთხსენებულ შეკითხვებზე პასუხები 3D პრინტერთან მიგიყვანთ, დროა იფიქროთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს პროექტი.
გაითვალისწინეთ:
- 3D ნივთის დაბეჭდვა სხვადასხვა გზით შეიძლება: არსებული ბიბლიოთეკებიდან ფაილების გამოყენებით, 2D გამოსახულებიდან 3D გამოსახულებაში გარდაქმნით და საკუთარი დიზაინის შექმნით. რომელი გჭირდებათ ამ სამიდან კონკრეტული პროექტისთვის და რომლის განხორციელებას შეძლებთ ბავშვებთან ერთად სინამდვილეში?
- როგორ უნდა მივიდნენ მოსწავლეები ცოდნის იმ დონეზე, რომ დიზაინის შექმნა შეძლონ?
- როგორ უნდა შეაფასო, იმუშავა თუ არა პროექტმა?
პრინტერი უნდა იყოს გამოცდილების ნაწილი, არა მთავარი გამოცდილება. ინსტრუმენტი და არა მიზანი.
საუკეთესო პროექტები, რომლებიც ვნახე, მარტივ ლოგიკას მიჰყვება: მოსწავლეები სწავლობენ კონცეფციას, იკვლევენ, ქმნიან რაღაცას და შემდეგ განიხილავენ, რა შეცდომები დაუშვეს და რა ისწავლეს ამ შეცდომებით.
3. დაგეგმვა: რესურსების შეგროვება
ამ ეტაპზე იწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მოკვლევა, შესწავლა და მომზადება, რაშიც დაგჭირდებათ გარკვეული დროის ინვესტიცია.
- ჩამოაყალიბეთ გაკვეთილის/პროექტის გეგმა, შეეცადეთ გაითვალისწინოთ ყველა წვრილმანი: რამდენი ბავშვი გესწრებათ გაკვეთილზე, რამდენი დრო გაქვთ, რა რესურსის დახარჯვა შეგიძლიათ. ტექნიკურად, მოამზადეთ კომპიუტერები, პრინტერი და სხვა საჭირო რესურსი.
- იმის მიხედვით, თუ რომელ დიზაინზე ჩამოყალიბდით, დაათვალიერეთ ონლაინ ბიბლიოთეკები, შეამოწმეთ ბეჭდვის დრო და ა.შ. შეგიძლიათ და კარგი იქნება, მზადების ამ ეტაპზეც ჩართოთ ბავშვები.
- თუ დიზაინის ნულიდან შექმნა გაქვთ გადაწყვეტილი, მოამზადეთ ის რჩევები და ინსტრუქციები, რომელიც დაეხმარებათ ბავშვებს, მარტივად ორიენტირდნენ. დასახეთ სწორი, განხორციელებადი გეგმა.
- დაფიქრდით შეფასების მეთოდებზე, რომლებიც აჩვენებს, მოხდა თუ არა სწავლა.
გაკვეთილის ამგვარი მომზადება უზრუნველყოფს წარმატებულად ჩატარებულ პროექტს.
4. განხორციელება: გაკვეთილი
აქ იწყება ჯადოსნობა!
მზად იყავით ცვლილებებისა და ადაპტირებებისთვის. როგორც ნებისმიერ, კარგად დაგეგმილ გაკვეთილზე, აქაც შეიძლება რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც ელოდით. დააკვირდით, რა ხდება. შეამჩნიეთ, სად აქტიურობენ მოსწავლეები და სად ჩერდებიან. აუცილებლად გაითვალისწინეთ და აღნიშნეთ, რომ ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი რამეების სწავლა და აღმოცენა შეცდომებით და წვალებით ხდება და არა სრულყოფილი შედეგით.
5. შეფასება: რა მოხდა, რა ვისწავლეთ?
გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად გააკეთეთ რეფლექსია მოსწავლეებთან ერთად იმაზე, თუ რა პროცესები გაიარეთ.
რამ იმუშავა? რამ გაგაოცათ? რას შეცვლიდით შემდეგ ჯერზე? რა ისწავლეთ?
ამგვარი შეფასება, დაგეხმარებათ თქვენ, რომ ყოველი შემდეგი გაკვეთილი იყოს წინაზე უკეთესი და დაეხმარება ბავშვებს გაიაზრონ, თუ რა რეალური გამოცდილება მიიღეს. ასეთია 3D ბეჭდვის განათლებაში ინტეგრაციის ნამდვილი გზა.
რეალური გამოწვევები, რომლებიც შეგხვდებათ (და როგორ მოვაგვაროთ)
3D ბეჭდვის ინტეგრაცია თეორიულად შესანიშნავია. წარმოსახვაში კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალობაში, ხანდახან რაღაცები რთულდება.
ეს არის ყველაზე გავრცელებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები.
გამოწვევა 1: დრო – არ გაქვთ საკმარისი
რეალობა: პროგრამა სავსეა. პროექტები 3D ბეჭდვით, დროს მოითხოვს.
ჩემი რეკომენდაციაა:
- გამოიყენეთ გრძელი პერიოდები 3D პროექტებისთვის.
- იფიქრეთ გრძელვადიანად. 3-4 კვირიანი პროექტი უფრო რეალისტურია, ვიდრე ერთ გაკვეთილში ყველაფრის ჩატევა.
- არ დაამატოთ 3D ბეჭდვისთვის განყენებული თემები – ჩააქსოვეთ უკვე არსებულში. გააუმჯობესეთ ისინი.
მთავარია ინტეგრაცია, არა თავად პრინტერი.
გამოწვევა 2: რესურსები – ესეც არ გაქვთ საკმარისი
რეალობა: ბევრ სკოლაში ერთი პრინტერია. ან სულაც სხვასთან გაზიარებული.
ჩემი რეკომენდაციაა:
- ჯგუფური პროექტები. ჯგუფები ერთად ქმნიან და ერთი პრინტერი ბევრს ემსახურება გონივრული განრიგით.
- როტაცია ერთი პრინტერის გარშემო. ზოგი დიზაინს აკეთებს, ზოგი ბეჭდავს.
- პროექტის ყველა ნაბიჯი არ საჭიროებს პრინტერს. დიზაინი, პრობლემების გადაჭრა – ბეჭდვის გარეშე ხდება. ბეჭდეთ შესვენებებზე ან ლანჩის დროს. ჩაშენებული კამერიანი პრინტერი ამ დროს კარგი საშუალებაა, რადგან მოსწავლეები დისტანციურად აკვირდებიან ბეჭდვას, რაც დამატებით ენთუზიაზმსაც მატებთ და პროცესზე კონტროლსაც.
ერთი პრინტერი არ ნიშნავს, რომ ვერ გააკეთებთ. უბრალოდ კარგად დაგეგმეთ.
გამოწვევა 3: ტექნიკური უნარები – თქვენც სწავლობთ
მასწავლებლების უმეტესობა არ გაიზარდა 3D დიზაინის პროგრამებით. არც მოსწავლეები. და ეს ნორმალურია.
ჩემი რეკომენდაციაა:
- დაიწყეთ მარტივად. ძირითადი ფორმებით, მარტივი პროგრამებით. ისწავლეთ ერთად.
- წარმოადგინეთ როგორც ერთობლივი მოგზაურობა, სადაც არ გჭირდებათ ყველა პასუხი. მოსწავლეები ხედავენ, რომ თქვენც სწავლობთ – ეს მნიშვნელოვანია.
- გაანაწილეთ როლები მოსწავლეებს შორის. გამოიყენეთ მათი ცოდნის და ათვისების რესურსი. ისინი ხშირად საუკეთესო მასწავლებლები არიან თანატოლებისთვის.
გულწრფელად ვფიქრობ, რომ ერთობლივი მუშაობა გამოწვევების გადაჭრაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ექსპერტიზა. ამიტომ, არ დაიძაბოთ!
თქვენი პირველი პროექტი: დაიწყეთ ნაცნობით
თუ მზად ხართ:
- აირჩიეთ ის თემა, რისი სწავლებაც გიყვართ. წარმოიდგინეთ, რას შემატებს 3D ბეჭდვა. ნუ იძალადებთ – თუ არ ერგება, სცადეთ სხვა თემა.
- წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარება 3D ბეჭდვა ამ თემას. ნუ იძალადებთ – თუ არ ერგება, სცადეთ სხვა თემა.
- დაგეგმეთ პატარა პროექტი. პირველი პროექტისგან ნუ გექნებათ გადამეტებული მოლოდინი. ის არ უნდა იყოს სრულყოფილად დახვეწილი. მარტივი დიზაინი რამდენიმე საათში, ბეჭდვა – კიდევ რამდენიმეში. საკმარისია.
- ჩართეთ რეფლექსია. არა მხოლოდ დასრულების შემდეგ, მთლიანად პროცესში, ესაუბრეთ მოსწავლეებს რა ისწავლეს. ეს საუბრებია რეალური ზრდა.
არ გჭირდებათ სრულყოფილება. უბრალოდ ერთი პროექტი, რომელიც აჩვენებს შესაძლებლობებს.
ჩარჩო პრაქტიკაში
ეს ჩარჩო არ არის არც სრულყოფილი და არც უცვლელი. ის საკმარისად მოქნილია თქვენი კონტექსტის, მოსწავლეებისა და შეზღუდვებისთვის. მხოლოდ ერთი გზაა ორიენტირებისთვის.
ანალიზი → დიზაინი → განვითარება → განხორციელება → შეფასება
შემდეგ გაიმეორეთ, ყოველი ციკლიდან ახალის სწავლით.
ასე იზრდება 3D ბეჭდვის ინტეგრაცია ერთჯერადი პროექტიდან მდგრად, მნიშვნელოვან ნაწილად თქვენს სწავლებაში.


კომენტარის დატოვება